November 6, 2013

სიმსუქნე და კიბო

კიბოს ხილვადობა


სიმსუქნე და კიბო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით:

·   კიბო მსოფლიოში სიკვდილობის მთავარი მიზეზია, 2008 წელს აღირიცხა სიკვდილობის 7.6 მილიონი შემთხვევა (მთლიანი სიკვდილობის 13%)
·   ყოველწლიურად სიკვდილობის ყველაზე მეტი შემთხვევა  განპირობებულია ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, მსხვილი ნაწლავის და სარძევე ჯირკვლის  კიბოთი
·   განსხვავებულია ერთმანეთისაგან ქალებსა და მამაკაცებში კიბოს ყველაზე მეტად გავრცელებული ტიპები
·   მსოფლიოს მასშტაბით კიბოს 5 ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც იწვევს სიკვდილობას მამაკაცებში: ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, კოლორექტული და საყლაპავის კიბო
·   მსოფლიოს მასშტაბით კიბოს 5 ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც იწვევს სიკვდილობას ქალებში: სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, კუჭის, კოლორექტული და საშვილოსნოს ყელის კიბო
·   კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის  30% განპირობებულია ხუთი წამყვანი ქცევითი და კვებითი რისკფაქტორით: სხეულის მასის მაღალი ინდექსი, ხილისა და ბოსტნეულის მცირე რაოდენობით მოხმარება, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება
·   გლობალური სიკვდილობის 22% და ფილტვის კიბოთი განპირობებული სიკვდილობის 71% გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით.
·   საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის 20%-ის მიზეზად სახელდება ვირუსული ინფექციები (HBV/HCV და HPV)
·   კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი განაგრძობს ზრდას და 2030 წლისათვის დაახლოებით 13.1 მილიონი ახალი შემთხვევაა მოსალოდნელი 

ზემოთ მოცემული ფაქტები ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კიბოს გამომწვევი თითოეული მიზეზისა და რისკფაქტორის შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებები. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, ვისთვისაც  ცნობილი არ არის კიბოს გამომწვევი ისეთი მიზეზები და რისკფაქტორები, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, გარუჯვა, სხვადასხვა კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედება, თუმცა ცოტამ თუ იცის რა კავშირია სიმსუქნესა და კიბოს შორის. არადა კიბოს ყველაზე ხშირი ტიპები (მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის კიბო), დაკავშირებულია სწორედ სიმსუქნესთან.




სიმსუქნე იკავებს წამყვან როლს ისეთი პათოლოგიების განვითარებაში, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თუმცა აღნიშნულთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო ხდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, თანდათანობით იმატებს სასქესო სისტემის, მკერდისა და კუჭნაწლავის ტრაქტის კიბოს სიხშირე ჭარბი წონის მქონე პირებში. კიბოს ნაციონალური ინსტიტუტის კვლევების თანახმად 2007 წელს, აშშ-ში, კიბოს დაახლოებით 34 ათასი ახალი შემთხვევა მამაკაცებში (4%) და 50500 ქალებში (7%) სწორედ სიმსუქნესთან იყო დაკავშირებული. შემთხვევათა პროცენტული მაჩვენებელი კიბოს სხვადასხვა ტიპებს შორის ფართოდ ვარირებს,  ყველაზე მაღალი პროცენტი (40%) მოდის საშვილოსნოსა და საყლაპავის კიბოზე.

ძირითადი ფაქტები სიმსუქნის შესახებ:

·      მსოფლიოში სიმსუქნე დაახლოებით გაორმაგდა 1980 წლის შემდეგ
·      2008 წელს  დაახლოებით 1,4 მილიარდი მოზრდილი ადამიანი 20 წელზე ზევით იყო ჭარბწონიანი, ამათგან 200 მილიონი მამაკაცი და 300 მილიონი ქალი იყო მსუქანი
·      მსოფლიოს მოსახლეობის 65% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სიმსუქნე და ჭარბწონიანობა მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე წონის დეფიციტი
·      40 მილიონზე მეტი ბავშვი 5 წელზე ქვევით იყო ჭარბწონიანი 2011 წელს

სიმსუქნის არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში,  2030 წლისათვის სიმსუქნით განპირობებული კიბოს 500 000 დამატებითი შემთხვევა აღირიცხება. იმავე კვლევების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ  თუ მოზრდილი ადამიანი შეამცირებს სხეულის მასის ინდექსს 1 %-ით, თავიდან აგვაცილებს კიბოს დაახლოებით 100 000 ახალ შემთხვევას.

სიმსუქნესა და კიბოს შორის კავშირი სრულიად არ არის უსაფუძვლო, არამედ გააჩნია სერიოზული პათოგენეზური საფუძველი.

ტერმინი „კიბო“ აერთიანებს 150 მეტ დაავადებას, რომელთათვისაც დამახასიათებელია უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდა და გავრცელება. ჩვეულებრივ პირობებში ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილების შემადგენელი უჯრედები მრავლდება, ჭარბი პროლიფერაციისა და უჯრედების გადაგვარების შემთხვევაში ირთვება აპოპტოზის მექანიზმი, აღნიშნული პროცესი რეგულირდება რთული სარეგულაციო მექანიზმებით. ფიზიკური ფაქტორების, ქიმიური აგენტების, ემოციური სტრესის, ჰორმონების, აგრეთვე ვირუსების ზემოქმედების შედეგად ირღვევა აღნიშნული პროცესები და იწყება ატიპიური უჯრედების უკონტროლო გამრავლება ანუ სიმსივნური ზრდა.

მოწოდებული რამდენიმე შესაძლო ბიოლოგიური მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სიმსუქნე ახდენს უჯრედების გამრავლების რეგულაციური მექანიზმების მოშლას და კიბოს განვითარების პროვოცირებას:

·      ცხიმოვანი ქსოვილი წარმოქმნის ჭარბი რაოდენობით ესტროგენებს, რომლის მაღალი დონეც ასოცირებულია სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის და ზოგიერთი სხვა სახის კიბოს განვითარებასთან
·      ჭარბწონიანი პირების სისხლში აღინიშნება ინსულინისა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის (IGF-1) (ჰიპერინსულინემია ან ინსულინ რეზისტენტობა) მომატებული დონე, რაც განაპირობებს მოცირკულირე ზრდის ფაქტორების დონის მატებას
·      ცხიმოვანი ქსოვილი აპროდუცირებს ჰორმონებს, ადიპოკინებს, რომელიც ახდენს უჯრედების ზრდის სტიმულირებას ან ინჰიბირებას. ლეპტინი, რომელიც მომატებული რაოდენობითაა ჭარბწონიანი  პირების ორგანიზმში, უჯრედების პროლიფერაციას უწყობს ხელს, მაშინ როდესაც ადიპონექტინი, რომელიც მცირე რაოდენობითაა, ანტიპროლიფერაციული ეფექტით გამოირჩევა
·      ცხიმოვანი უჯრედები შესაძლოა ასევე ახდენდნენ პირდაპირ და არაპირდაპირ ეფექტს სხვა სიმსივნის ზრდის რეგულატორებზე (mTOR და AMPK)
·      ჭარბი წონის არსებობისას ასევე ხშირად აღინიშნება ქრონიკული, ან ქვემწვავე ანთება, რაც ასევე ზრდის კიბოს განვითარების რისკს
·      სხვა შესაძლო მექანიზმები მოიცავს შეცვლილ იმუნურ პასუხს, ოქსიდაციურ სტრესს და ა.შ.


სიმსუქნე ძირითადად ასოცირებულია კიბოს შემდეგი ტიპების განვითარების მომატებულ რისკთან:

·      სარძევე ჯირკვლის კიბო
·      ენდომეტრიუმის კიბო
·      წინამდებარე ჯირკვლის კიბო
·      მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო
·      საყლაპავის კიბო
·      კუჭის კიბო
·      პანკრეასის კიბო
·      თირკმლების კიბო
·      ფარისებრი ჯირკვლის კიბო
·      ნაღვლის ბუშტის კიბო


კიბოს ჰორმონდამოკიდებული სახეები

 სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, წინამდებარე ჯირკვლის კიბო

კიბოს ჰორმონდამოკიდებული სახეების სიხშირე (სარძევე ჯირკვლის, ენდომეტრიუმის, სხვა სასქესო ორგანოების) მნიშვნელოვნად მატულობს ჭარბი წონის მქონე პაციენტებში. აღნიშნული დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის გავლენას ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ბალანსზე. ცნობილია, რომ ცხიმოვანი ქსოვილში, განსაკუთრებით ვისცერულ ცხიმში მიმდინარეობს ტესტოსტერონის ესტროგენად გარდაქმნა. დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ესტროგენების კონცენტრაციის ცვლილებას, არამედ მათი მეტაბოლიზმის დარღვევას ორგანიზმში. ზოგიერთი ბიოქიმიური რეაქციები გაცხიმოვნების პირობებში იწვევეს არაკონტროლირებად პროლიფერაციას და ზრდის ავთვისებიანი წარმონაქმნების განვითარების რისკს. მენოპაუზის დადგომამდე სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკზე გაცხიმოვნება მინიმალურ გავლენას ახდენს, თუმცა პოსტმენოპაუზლურ ასაკში ეს გავლენა მნიშვნელონად მატულობს. ასაკოვან ქალბატონებში იზრდება სარძევე ჯირკვლისა და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი (ასაკოვან ქალბატონებში ესტროგენების დონე 50%-ით მატულობს), რასაც კიდევ უფრო ზრდის ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის მიერ ესტროგენების გაძლიერებული სინთეზი.

მნიშვნელობა აქვს წონის მატების ასაკს - 18 წლიდან 60 წლის ასაკამდე წონის მატებაა  დაკავშირებული პოსტმენოპაუზალურ ასაკში სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მომატებულ რისკთან. 18 წლის ასაკის შემდეგ 25 კგ - ის მატება ზრდის სარძევე ჯირკვლის რისკს 45%-ით, მენოპაუზის შემდეგ 2-10 კგ-მდე წონის მატება ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს რისკს 30%-ით.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ჭარბწონიან ქალებში წლობით აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჩნდება ენდომეტრიუმის დისპლაზიისა და ჰიპერპლაზიის ნიშნები, ნორმალური წონის მქონე ქალებთან შედარებით ოთხჯერ იზრდება ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი მენოპაუზალური სტატუსის მიუხედავად. კვლევებმა აჩვენა, რომ ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი იზრდება ზრდასრულ ასაკში წონის მატების შემთხვევაში.

ჰორმონების დონის ცვლილება მამაკაცებში იწვევს წინამდებარე ჯირკვალში ჰიპერპლაზიის პროცესის ანუ კიბოსწინარე მდგომარეობის სტიმულაციას. უნდა აღინიშნოს, რომ გაცხიმოვნებისას გვხვდება უფრო აგრესიული სიმსივნეები.

სიმსუქნე და საჭმლის მომენელებელი სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეები

მსხვილი და სწორი ნაწლავის, კუჭის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის კიბო

სიმსუქნე ზეგავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაზე, როგორიცაა მსხვილი და სწორი ნაწლავის, კუჭის, საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის კიბო.

არსებობს ერთმნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი ჭარბ წონასა და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას შორის. აღნიშნული უფრო მეტად ეხება მამაკაცებს, ვიდრე ქალებს. კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც გაცხიმოვნება გავლენას ახდენს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებაზე, უცნობი რჩება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ გავლენას ახდენს  ინსულინი და ინსულინის მსგავსი ფაქტორები, რომელთა  მოქმედებითაც შესაძლოა მოხდეს კიბოს ზრდის პროვოცირება. ასევე  მსხვილი ნაწლავის კიბოს სიხშირის მატება პირდაპირ კორელირებს საკვები ბოჭკოების და ანტიოქსიდანტების ნაკლებობასთან რაციონში მსუქანი პაციენტების უმეტესობის შემთხვევაში. მეორეს მხრივ ჭარბი ცხიმოვანი დატვირთვა ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნის გაძლიერებას, ქმნის ნაღვლის მჟავებისა და მათი დაშლის პროდუქტების ჭარბ კონცენტრაციას, რაც კიდევ ერთი ფაქტორია ნაწლავური კანცეროგენეზის განვითარებისათვის.

რაც შეეხება კუჭის კიბოს, გაცხიმოვნების თანმდევი - გასტრიტი დაბალი მჟავიანობით - პირდაპირ აპროვოცირებს კიბოს აღნიშნულ ტიპს. პაციენტთა 90% -ში კუჭის კიბოთი აღინიშნება მჟავიანობის დაქვეითება.

საყლაპავის კიბო 2-ჯერ უფრო ხშირად აღინიშნება მსუქან პირებში, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ჭარბწონიან პირებში გასტროეზოფაგალური რეფლუქსური დაავადების სიხშირით.

მსუქან ქალებში ასევე გამოვლენილი იქნა ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების რისკის მატება. შესაძლოა ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გაცხიმოვნებისას საკმაოდ ხშირად გვხვდება ნაღვლკენჭოვანი დაავადებები. ცნობილია, რომ ნაღვლის ბუშტში ქვების არსებობა ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების მთავარი რისკფაქტორია.

სიმსუქნე დაბალ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად ასევე ზრდის პანკრეასის კიბოს განვითარების რისკს.

სიმსუქნის კავშირი კიბოს სხვა ტიპებთან

სიმსუქნე სავარაუდოდ ზრდის თირკმლის კიბოს განვითარების რისკს, რაც დიდი ალბათობით დაკავშირებულია ინსულინის მაღალ დონესთან. ასევე არსებობს კავშირი ღვიძლის კიბოსთან, ლიმფომასა და ლეიკემიასთან, თუმცა საჭიროებს შემდგომ მტკიცებულებებს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ უნდა ვებრძოლოთ სიმსუქნეს კიდევ ერთი მიზეზით,  შევამციროთ კიბოს განვითარების რისკი.

ყველაზე მნიშვენლოვანი და ეფექტური იარაღი სიმსუქნესა და კიბოს წინააღმდეგ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი -  სწორი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა.

·      იკვებეთ სწორად, მიიღეთ დიდი რაოდენობით ხილის, ბოსტნეულისა და მარცვლეულის შემცველი საკვები, შეამცირეთ კონსერვირებული პროდუქტის მოხმარება (ზრდის მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს), შეზღუდეთ თქვენს რაციონში  - ცხიმისა და შაქრის რაოდენობა

·      შეცვალეთ თქვენი კვებითი ქცევა, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით

·      ნებისმიერი სახის რეგულარული ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ წონის კლებაში და კიბოს თავიდან აცილებაში

_  რეგულარული ფიზიკური აქტივობა ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს 50%-ით
_  პოსტმენოპაუზალურ ასაკში ყოველდღიური ფეხით სიარული ნახევარი საათის განმავლობაში ამცირებს სარძევე ჯირკვლის  კიბოს განვითარების რისკს 20%-ით. განსაკუთრებით მაღალია გავლენა ნორმალური წონის მქონე ქალებში (37%-ით)